არჩევნები 2021

მელია Edison Research-ზე: აჩვენებს ტენდენციას, ოპოზიციის სასარგებლოდ განსხვავება კიდევ უფრო დიდია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისა და ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი თბილისში, ნიკა მელია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. მელიას თქმით, კვლევა ნამდვილად აჩვენებს არსებულ ტენდენციას.

"კვლევა ნამდვილად აჩვენებს ტენდენციას. დაახლოებით, სურათს აჩვენებს, არ დაგიმალავთ, ვენდობი სრულად. დარწმუნებული ვარ, აგერ თქვენ და აგერ მე, მოვა 2 ოქტომბერი და ნახავთ, განსხვავება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის ოპოზიციის სასარგებლოდ არის კიდევ უფრო დიდი". – თქვა მელიამ. 

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 33%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 25%-მა, გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 10%-მა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები