ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციაზე, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ

"ვაქცინაციის სავალდებულოობისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ". - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად უწყება თავდაპირველად წამახალისებელ ღონისძიებებს განიხილავს.

"ჩვენ შემდეგ დღეებში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას ამ ჭრილში. ჰოსპიტალში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% ხვდება, საიდანაც ლეტალობის მაჩვენებელი 15%-ს აღემატება. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წარვუდგინეთ ანალიზი, რომ ამ მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ჰოსპიტალურ სექტორში არსებული დაწოლის რისკების მოხსნა დაახლოებით 50%-ით რაც ასევე ფინანსურ და ფისკალურ ეფექტს მოგვცემს. ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად მალე მოხდეს ყველა ბერკეტის გააქტიურება, გარდა სავალდებულოობისა, რაც გაააქტიურებს ამ ადამიანებს ვაქცინაციის მიმართულებით". - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შედეგად ინფიცირების შემთხვევების ზრდამ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება დააფიქრა ვაქცინაციის პროგრამის გასაძლიერებლად არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე. 

შემოდგომიდან არაერთ ქვეყანაში აცრა სავალდებულო ხდება კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისთვის, თავშესაფრების თანამშრომლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და სხვა. 

 

კომენტარები