კორონავირუსი

რა შეზღუდვები დააწესეს აუცრელებისთვის – ნახეთ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შედეგად ინფიცირების შემთხვევების ზრდამ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება დააფიქრა ვაქცინაციის პროგრამის გასაძლიერებლად არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე. 

შემოდგომიდან არაერთ ქვეყანაში აცრა სავალდებულო ხდება კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისთვის, თავშესაფრების თანამშრომლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და სხვა. 

ამასთან ერთად, ზოგ ქვეყანაში ე.წ კოვიდპასპორტის გარეშე აღარ არის შესაძლებელი ისეთი საჯარო სივრცეებით სარგებლობა, როგორიცაა რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და სხვა. აუცრელებს შეეზღუდებათ საჯარო ტრანსპორტით სარგებლობაც. ხშირ შემთხვევაში ვაქცინაციის ალტერნატიული გზა არის COVID-19-ზე ტესტის რეგულარულად ჩატარება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს აწესებენ.

საბერძნეთი

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ უკანასკნელ ექვს თვეში კორონავირუსის გადატანის ან აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველკვირეულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით სწრაფი ტესტის გაკეთება. 

ის პირებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საგანმანათლებლო, ტურიზმის, სარესტორნო ან გართობის სექტორში სწრაფი ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. ეს რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც. 

ამასთან ერთად, აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. 

გარდა ამისა, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისათვის აუცილებელია სწრაფი ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა.

ახალი რეგულაციები ძალაში 13 სექტემბრიდან შევა. გარდა ამისა, საბერძნეთში ვაქცინაცია სავალდებულოა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის, ხოლო სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისთვის სავალდებულო სექტემბრიდან გახდება.

ავსტრალია 

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია სავალდებულო გახდება თავშესაფრებისა და საკარანტინე სივრცეებში დასაქმებულებისთვის. ავსტრალიის შტატ ტასმანიაში ახალი რეგულაცია ძალაში 17 სექტემბრიდან შევა.

ამასთან ერთად, ავსტრალიამ ვაქცინაცია სავალდებულო გახადა პარაოლიმპიელი სპორტსმენებისთვისაც, რომლებიც ტოკიოში მიდიოდნენ, ვინაიდან კორონავირუსი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

კანადა

კანადის ხელისუფლების განცხადებით, სექტემბრის ბოლოდან ფედერალური თანამშრომლებისთვის და ხელისუფლების მიერ რეგულირებულ ინდუსტრიებში ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

ამასთან ერთად, ოქტომბრის ბოლოდან ვაქცინაცია სავალდებულო იქნება საჯარო ტრანსპორტით, თვითმფრინავით ან გემით მოგზაურებისთვის.

ბრიტანული კანადა ერთ-ერთი პირველი პროვინციაა, რომელიც  თავშესაფრების თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 12 ოქტომბრისთვის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს აცრილი.

ხოლო კვებეკის პროვინციაში 1-ლი სექტემბრიდან არავაქცინირებული პირებისთვის აკრძალული იქნება არააუცილებელ საჯარო სივრცეებში შესვლა, მათ შორის ბარებში, რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებში. 

ინგლისი

ოქტომბრიდან ინგლისში ყველა თავშესაფრის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

ამასთან ერთად, სექტემბრის ბოლოდან ინგლისის ღამის კლუბებსა და სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებში შესვლისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სავალდებულო გახდება.

ფიჯი

15 აგვისტოდან ფიჯიში აუცრელი საჯარო მოხელე ვალდებულია შვებულებაში გავიდეს, ხოლო მას, ვინც ნოემბრამდე არ იქნება აცრილი, მოუწევს სამსახურის დატოვება. გარდა ამისა, აუცრელობის შემთხვევაში, კერძო სექტორში დასაქმებულებს, შესაძლოა, დაეკისროთ ჯარიმები, ხოლო კომპანიებმა შეწყვიტონ მუშაობა ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში. 

საფრანგეთი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანი 15 სექტემბრისთვის აცრილი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში მათ სამუშაოდან გათავისუფლება ემუქრებათ. 

ამასთან ერთად, ზრდასრულებისთვის რესტორნებში, მატარებლებში, თვითმფრინავზე ან და სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად სავალდებულო გახდება აცრის, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო პერიოდში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. 

ახალი რეგულაცია 30 სექტემბრიდან ყველა 12 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაზე გავრცელდება. კანონპროექტი ძალაში იქნება 15 ნოემბრამდე. ამ პერიოდში მისი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე. 


აშშ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არავაქცინირებულ ფედერალურ თანამშრომლებს მოუწევთ რეგულარულად ტესტის ჩატარება, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. 

ამასთან ერთად, 25 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, ფაიზერმა FDA-გან მიიღო სრული ავტორიზაცია, თავდაცვის სამინისტრომ მიმართა სამხედრო დეპარტამენტების უფროსებს, რათა უზრუნველყონ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია. 

პენტაგონმა ასევე გამოაცხადა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

ნიუ-იორკი გახდება პირველი დიდი ქალაქი აშშ-ში, სადაც 13 სექტემბრიდან რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა დაწესებულებებში შესასვლელად ან სამუშაოდ სავალდებულო გახდება აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ამასთან ერთად, 6 სექტემბრიდან ნიუ-იორკში საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულოა აცრა ან ყოველ კვირას COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტსა და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე პირებისთვის აცრა სავალდებულო იქნება, სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ  COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის ყოველ კვირას წარდგენა.

ნიუ ჯერსის შტატში 7 სექტემბრიდან სამედიცინო სფეროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, სხვა შემთხვევაში, მათ მოუწევთ კვირაში ორჯერ ტესტის გაკეთება.

სან ფრანცისკოსა და ახალ ორლეანში 12 აგვისტოდან რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში სავალდებულოა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

გარდა ამისა, კალიფორნიაში 2 აგვისტოდან საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულოა აცრა, ან ყოველ კვირას ტესტის ჩატარება. ოქტომბრიდან კი ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულისთვის აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება.

იტალია

იტალიამ ჯერ კიდევ აპრილში ვაქცინაცია ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისთვის სავალდებულო გახადა.

6 აგვისტოდან შიდა სივრცეში ჭამა, ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრება, მუზეუმებში, სავარჯიშო დარბაზებში, თეატრებში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც წარადგენენ აცრის( შედის 1 დოზით აცრაც) დამადასტურებელ დოკუმენტს, ბოლო 48 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს, ან კორონავირუსის გადატანის მტკიცებულებას. ხოლო სექტემბრიდან იგივე პრინციპი იმოქმედებს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას.

ამასთან ერთად, იტალიის განათლების მინისტრმა თქვა, რომ მასწავლებლებს ხელფასი გაუნახევრდებათ, თუ ვაქცინაციაზე უარს განაცხადებენ.

რუსეთი

რუსეთმა 16 ივნისს ყველა საჯარო სექტორში დასაქმებულისთვის სავალდებულო გახადა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა. ამასთან ერთად, რუსეთში კომპანიებს მისცეს ერთი თვე მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის.

ბელგია

13 აგვისტოდან ბელგიაში უკვე გამოიყენებენ ე.წ კოვიდპასპორტებს მათთვის, ვისაც სურს 1 500 კაციანზე მეტ ღონისძიებას დაესწროს. ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღარ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება, ან 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა. ხოლო 1-ლი სექტემბრიდან ბელგია გეგმავს ამ პრინციპის კიდევ უფრო ხალხმრავალი შიდა ღონისძიებისთვის გამოყენებას.

მსგავსი დოკუმენტის მისაღებად საჭიროა სრულად აცრა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირების მოწმობა, იმავე დღეს ჩატარებული PCR-ის უარყოფითი პასუხი, ან ანტიგენზე ტესტი.

დანია

დანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი დაამტკიცა. ამ დოკუმენტის წარდგენით მომხმარებელს შეეძლება უფრო სწრაფად შევიდეს რესტორნებში, ბარებში, პარკებში, ზოოპარკებში და სხვა.

ესპანეთი

ესპანეთში გალისია პირველი ადგილი გახდა, სადაც ე.წ ჯანმრთელობის სერტიფიკატი (კოვიდპასპორტი) სავალდებულოა შიდა სივრცეებში შესასვლელად, მათ შორის, რესტორნებში, კაფეებში, ბარები და სხვა.  

კომენტარები