არჩევნები 2021

რუსეთის გავლენის ზრდა, 5 ივლისის მოვლენები – ოპოზიცია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

რამდენიმე ოპოზიციური პარტია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ენმ-ს, ევროპული საქართველოს, ლელოს, გირჩის და დროას ლიდერებმა შეხვედრაზე რუსეთის გავლენის ზრდა, მედიაზე ზეწოლა, 5 ივლისის მოვლენები და მოახლოებული არჩევნები განიხილეს. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ ადრე ეს კონგრესმენები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩართულები არ ყოფილან. 

"ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა საქართველოში არსებულ კონტექსტს. მთავარი საკითხი იყო რუსეთის გავლენის ზრდა და რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას. 5 ივლისის მოქმედებები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა ღარიბაშვილმა დაუსჯელობის გარანტია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეფაქტო მნიშვნელოვანი ეროზია - ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა" - ამბობს კანდელაკი. 

ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, "გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და 19 აპრილის შეთანხმების ქართული ოცნების დატოვების მიუხედავად, ეს 43 პროცენტი არსად არ გამქრალა და საქართველოს საზოგადოება ელოდება".

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძეს თქმით კი,  კონგრესმენებს აუხსნეს, რომ ქვეყანა დგას გზის გასაყარზე.

"დასავლეთის ღირებულებებსა და დასავლეთის ვექტორს რომ ექმნება პრობლემა, ასევე, ავუხსენით ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც ინვესტიციის სახით არის ქვეყანაში შექმნილი, უცხოური პირდაპირი ინვესტიციის სახით... დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური სანქციები იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წინასვლას ხელი შეუშალეს" - ამბობს ხაზარაძე. 

"ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც არის არჩევნებთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებული, დემოკრატიასთან დაკავშირებული და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა. მათ დიდი ინტერესი აქვთ თუ საით მიდის საქართველო ამ საკითხის მიმართ", - თქვა შეხვედრის შემდეგ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ "ინტერესი და ღელვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნამდვილად არის".

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით კი, შეხვედრაზე ისაუბრეს - რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ქვეყნის ბედისთვის.

"პირველ რიგში ეს არჩევნები ეხება ქვეყნის კურსს, გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას თუ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში,  ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. მედიასთან დაკავშირებით, ძალაუფლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აინტერესებდათ რუსეთთან მიმართებით ქვეყანას ახლა რა მდგომარეობა აქვს და რა განსხვავებაა არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდილოეთ დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები თბილისში 3 დღის განმავლობაში დარჩებიან.

კომენტარები