2021 წელს გარდაცვლილები

88 წლის ასაკში ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

BFI

88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ადვოკატი ავრცელებს.

ბელმონდო ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ შაბროლი, ვიტორიო დე სიკა, რენე კლემენტი, კლოდ ლელუში და სხვები. 

კინომდე იყო მოყვარული მოკრივე, ერთი წლის განმავლობაში გამოდიოდა რინგზე და სპორტული კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა. მოგვიანებით მსახურობდა ჯარში, ალჟირში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაინტერესდა კინოთი, პირველი როლი 1956 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში შეასრულა. პოპულარობა ჟან-ლუკ გოდარის უკანასკნელ ამოსუნთქვაში შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. მოგვიანებით მძაფრსიუჟეტიან ჟანრში დამკვიდრდა, რაშც სახასიათო გარეგნობამ, კრივისა და სამხედრო სამსახურის გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა. ხშირად სახიფათო ტრიუკებს გადასაღებ მოედანზე კასკადიორის გარეშე ასრულებდა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს ფრანგული აკადემიის ჯილდო სეზარი, საპატიო ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე. არის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი.

კომენტარები