ცესკო

კალანდარიშვილი: არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ცესკო სრული დატვირთვით მუშაობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართა.

კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა დაიცვან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი.

"მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან". – თქვა კალანდარიშვილმა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები