არჩევნები 2021

ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო მუქარებსა და შანტაჟზე საუბრობენ

ოპოზიციის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან სისტემატური მუქარებისა და შანტაჟის შესახებ საუბრობენ. 

დღეს, 6 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ სენაკის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები კანონის დარღვევით შეცვალა. 

მისი თქმით, სენაკის საარჩევნო ოლქებში თავდაპირველად წარდგენილები იყვნენ გია წურწუმია და ბეჟან სანაია, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართულ ოცნებას ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა. ბეჟაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ამით ისარგებლა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნების დარღვევით, ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები შეცვალა. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება პირდაპირ ზეწოლას ახორციელებს სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიაზე. ეს კონკრეტული ფაქტი ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ ვთხოვთ ცენტრალურ საარჩენვო კომისიას, უშუალოდ ჩაერიოს, არ დაუშვას კანონის დარღვევა და ქართული ოცნების ის წარდგინება დატოვოს, რომელიც შესაბამის საარჩევნო ოლქებში იყო და არ ისარგებლოს იმ მანიპულაციით, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს საარჩევნო პროცედურებთან მიმართებაში". - ამბობს ბეჟაშვილი. 

საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილის. კალანდარიშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ხარვეზების დადგენას და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის გარკვეული უზუსტობების შესწორების შესაძლებლობის მიცემას. 

გუშინ, 5 სექტემბერს, ხელისუფლება წინასაარჩევნო ზეწოლასა და დევნაში ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმაც დაადანაშაულა. მისი თქმით, პარტიის წევრი, რუსუდან კოვზირიძე, იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს და შემდეგ წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

წერეთელის თქმით, თერჯოლის კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს, რუსუდან კოვზირიძეს, რომელიც ამავდროულად პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია "ურჩიეს" ოპოზიციურ პარტიასთან კავშირი გაეწყვიტა, უარის შემდეგ კი მასზე პოლიტიკური დევნა დაიწყო.

ქართული ოცნების მხრიდან სისტემური ზეწოლის შესახებ პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

მისი თქმით, ქართული ოცნება ძალოვანი უწყებების გამოყენებით ქვეყნის მასშტაბით ზეწოლას ახორციელებს პარტია საქართველოსთვის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რის შედეგადაც, ათეულობით კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.

"ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგა უკვე მოხსნა კანდიდატურა სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ინფორმაციის გახმაურების შიშით. სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე განცხადებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა, ოცნება დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამთავრობო მედია საშუალებების გამოყენებით ტყუილებს ავრცელებინებენ". – თქვა მეზვრიშვილმა. 

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ოლქში სიაში ჰყავთ, პრობლემების შექმნით ემუქრება. 

"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში. რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად. ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში. არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე

გასაგები რომ იყოს: პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალცალკე. სიის არ არსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას, იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა, იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით. არასოდეს აქამდე მაგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ. აშკარად ძალიან შეშინებული არიან". - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები