კეზერაშვილის საქმე

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება განახლდა

AFP.com

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უზენაესმა სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება განაახლა. 

ფორმულას ინფორმაციით, კეზერაშვილის საქმე უზეანესი სასამართლოს მოსამართლეებმა, შალვა თადუმაძემ, ლევან თევაძემ და მერაბ გაბინაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განიხილონ. უზენაესი სასამართლო განიხილავს ე.წ წვრთნების საქმეს, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

"3 წლის წინანდელი საქმის ახლა დანიშვნა და განხილვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვას არაფერს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შალვა თადუმაძე 2017 წელს პროკურატურას ხელმძღვანელობდა და გენერალური პროკურორი იყო, დღეს უკვე ამ საქმეში გვევლინება მოსამართლედ, რომელმაც უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებამ, რა პოზიციაც იმ პერიოდისთვის პროკურატურას ჰქონდა". – თქვა გელხაურმა.

ე.წ წვრთნების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში 7 სექტემბერს გაიმართება.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები