ავღანეთი

WSJ: თარჯიმანი, რომელმაც ბაიდენი ავღანეთში 2008-ში გადაარჩინა, შველას ითხოვს

ავღანეთში, ქარბუქში მოყოლილი ვერტმფრენის ეკიპაჟი. მარცხნიდან მეოთხე აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. 2008 წელი.
WSJ

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, 13 წლის წინ ავღანელმა თარჯიმანმა, მუჰამედმა, აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი, მაშინ კი სენატორი – ჯო ბაიდენი და კიდევ ორი სენატორი ქარბუქში გადაარჩინა, როდესაც მათ ვერტმფრენებს, ცუდი ამინდის გამო, ერთ-ერთ ხეობაში დაჯდომა მოუწიათ. ისინი მოწყვეტილ ხეობაში იყვნენ გაჭედილი. ახლა მუჰამედი, რომელიც ავღანეთშია, დახმარებას ჯო ბაიდენს სთხოვს.

"გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო. მე და ჩემი ოჯახი გადაგვარჩინეთ. აქ არ დამტოვოთ" – თქვა The Wall Street Journal-თან მუჰამედმა, რომელიც ავღანეთში იმალება და გამოცემას სთხოვა მისი სახელი და გვარი სრულად არ დაეწერათ. 

მუჰამედი, მისი ცოლი და ოთხი შვილი თალიბანს ემალებიან, მას შემდეგ, რაც მათ ავღანეთი ვერ დატოვეს. აქამდე, ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ ქვეყნიდან გასვლას, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ შეძლეს. ისინი არიან ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, 20-წლიანი კონფლიქტის დროს აშშ-ს ავღანეთში ეხმარებოდა, მაგრამ ვისი ევაკუაციაც ვერ შეძლეს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე WSJ-ს ჟურნალისტს უთხრა, რომ აშშ კვლავ ცდილობს ავღანეთში დარჩენილი მოკავშირეების გამოყვანას და თარჯიმანს საკუთარი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. "გამოგიყვანთ. ჩვენ შენს გაწეულ სამსახურს პატივს ვცემთ" – მიმართა მუჰამედს ჯენ ფსაკიმ.

WSJ-სთან ომის ვეტერანებმა გაიხსენეს, რომ მუჰამედი 2008 წელს, როდესაც ის 36 წლის იყო, აშშ-ს არმიისთვის თარჯიმნად მსახურობდა. მათ ისიც გაიხსენეს, თუ დამაბრმავებელ ქარბუქში როგორ მოჰყვა აშშ-ს ვერტმფრენები, რომელთაც ავარიული დაშვება მოუწია. მათში ისხდნენ სენატორები: ჯო ბაიდენი, ჯონ კერი და ჩაკ ჰაგელი. 

ვერტმფრენის ეკიპაჟმა დაუყვნებელი დახმარების შეტყობინება გაგზავნა, პარალელურად კი, მიდამოებს კერძო ამერიკული სამხედრო კომპანიის ბლექვოთერის მებრძოლები და აშშ-ს არმიის სამხედროები პერიმეტრს აკონტროლებდნენ და ზვერავდნენ, იყვნენ თუ არა თალიბები მათ შემოგარენში. შეტყობინება ბაგრამის ავიაბაზაზე მიიღეს. მუჰამედი, რამდენიმე ამერიკელ სამხედროსთან ერთად სასწრაფოდ ჩაჯდა ჯავშნოსან მანქანა Humvee-ში და ვერტმფრენებისკენ დაიძრნენ. საათების განმავლობაში, ისინი ახლოს მდებარე დათოვლილ მთებში დადიოდნენ, რათა გაჭედილ ეკიპაჟამდე მიეღწიათ.

მუჰამედთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ამერიკელი სამხედროს, ბრაიან გენთეს თქმით, ეს ავღანელი კაცი აქამდეც ხშირად ხვდებოდა ამერიკელ სამხედროებთან ერთად რთულ სიტუაციებში, მას ისე ენდობოდნენ, რომ ზოგჯერ იარაღსაც აძლევდნენ, როდესაც სამხედროებს საშიშ სიტუაციაში შესვლა უწევდათ. როგორც გენთე ამბობს, მუჰამედი მათთან ერთად 100-ზე მეტ შეტაკებაში მოხვედრილა. 

ადგილი, სადაც ვერტმფრენები ავარიულად დაეშვნენ, თალიბანის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, თუმცა მათი გადააგდილება აქ შეიმჩნეოდა ხოლმე. ხეობაში გაჭედილი ეკიპაჟის წევრები ტემპერატურის შენარჩუნებას ცდილობდნენ და თავს ხუმრობებით ირთობდნენ. 

"ვაპირებდით თალიბანთან თოვლის გუნდებით საბრძოლველად ბაიდენი გაგვეშვა, მაგრამ ამის გაკეთება არ მოგვიწია" – ხუმრობდა გადარჩენის შემდეგ სენატორი კერი.

მუჰამედმა, აშშ-ს არმიის სამხედროებმა და ბლექვოთერის სამხედროებმა როდესაც თოვლში გზა გაიკვალეს და ვერტმფრენებამდე მიაღწიეს, სენატორები კოლონით სასწრაფოდ გააცილეს. ადგილზე დარჩა მუჰამედი და რამდენიმე ამერიკელი სამხედრო. მათ ყინვაში გაჩერება 30 საათით მოუწიათ, სანამ ვერტმფრენებს კვლავ ააფრენდნენ. მუჰამედი სამხედროებთან ერთად იცავდა პერიმეტრს და როდესაც ცნობისმოყვარე ადგილობრივები ახლოს მოდიოდნენ, მათ მეგაფონით აფრთხილებდა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. მათი მოსვლიდან 30 საათში, ვერტმფრენების აფრენა შესაძლებელი გახდა და ისინი ბაგრამის ავიაბაზაზე დაბრუნდნენ.

მუჰამედი ავღანეთის დატოვებას ევაკუაციის პროცესის დროსაც ცდილობდა. მან აეროპორტის კარიბჭემდეც მიაღწია, თუმცა ამერიკელმა სამხედროებმა უთხრეს, რომ მხოლოდ მას შეეძლო ტერიტორიაზე შესვლა და ევაკუაცია, მის ოჯახს კი არა. მუჰამედი ავღანეთში დარჩა.

"ჩემს სახლს ვერ ვტოვებ, ძალიან მეშინია" – ამბობდა მუჰამედი WSJ-სთან კონტაქტის დროს.

კომენტარები