ავღანეთი

თალიბანი: აშშ დამარცხდა, ავღანეთი თავისუფალია – ეს გაკვეთილია სხვა დამპყრობლებისთვის 

თალიბანის სპიკერი, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი

თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ავღანეთში აშშ-ს 20-წლიანი მისიის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლა ისტორიული მომენტია, რომელიც ხაზს უსვამს ავღანეთის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. 

"ვულოცავთ ავღანეთს, გამარჯვება ჩვენია. ამერიკა დამარცხდა, ეს ისტორიული მომენტი გაკვეთილია სხვა დამპყრობლებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ავღანეთის ისლამური ემირატი თავისუფალი და დამოუკიდებელია.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოსთან კარგი დიპლომატიური ურთიერთობები გვსურს. თალიბანი დაიცავს თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ისლამურ ღირებულებებს". – თქვა მუჯაჰიდმა.  

31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა. 

ევაკუაციის მისიის დროს, ავღანეთიდან 122 000-ზე მეტი ადამიანის გაყვანა შეძლეს.

გენერალმა ფრანკ მაკკენზიმ თქვა, რომ ვერ მოხერხდა ყველა მსურველის ევაკუაცია, თუმცა აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფებიდან ყველა წაიყვანეს და არავინ დაუტოვებიათ. 

კომენტარები