ელიავას ბაზრობა

ბიბილაშვილი: კალაძეს არჩევნების დროს ახსენდება ელიავას ბაზრობა, მოქალაქეებს არ უსმენს

ანა ბიბილაშვილი
იმედი

ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ გადაწყვეტილება კახა კალაძემ ერთპიროვნულად მიიღო და "პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა იქ დასაქმებულმა ადამიანებმა არ იციან, როგორ გადაწყვიტა ერთმა კაცმა მათი ბედი".

მისივე თქმით, კალაძეს ელიავას ბაზრობა მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.  

"ელიავას საკითხი თბილისს წლებია, აწუხებს, ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მერობის ყველა კანდიდატს, მათ შორის კალაძეს, წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდა დაპირება, რომ საკითხი გადაწყდებოდა ადგილობრივი დასაქმებულების და საკუთრების ინტერესის დაცვით. წლების განმავლობაში, ადგილობრივი დასაქმებულები და მიწის მესაკუთრეები, ითხოვდნენ ელიავას ტერიტორიის განვითარებასა და საკუთარი რესურსით მოამზადეს ელიავას ტერიტორიის განვითარების პროექტი. 

ელიავაზე მომუშავე ადამიანებთან ერთად, პირადად როგორც ურბანისტი, ჩართული ვიყავი, პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვების შემუშავების პროცესში, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო სივრცე, თითოეული ადამიანის აზრის გათვალისწინებით და საბოლოო შედეგი ქალაქისთვისაც მისაღები ყოფილიყო. კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ მას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ელიავა, როგორც თბილისის მწვავე პრობლემა, ის არ უსმენს მოქალაქეებს და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს". – ამბობს ბიბილაშვილი. 

მისივე თქმით, ლელოს ხედვით, ელიავას განვითარებისას პირველ რიგში დაცული უნდა იყოს იქ მომუშავე ასეულობით ადამიანის უფლება და ინტერესი. გარემოს დამაბინძურებლები ორგანიზებულად უნდა იქნეს გატანილი სივრციდან, ხოლო არსებული სივრცე უნდა მოეწყოს კომბინირებული სარეკრეაციო-კომერციული ფუნქციით.

"ელიავას ტერიტორიას აქვს ის დიდი პოტენციალი, როდესაც სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს როგორც თბილისს, ისე მკვეთრად გააუმჯობესოს აქ დასაქმებულთა და მესაკუთრეთა მდგომარეობა". – აღნიშნავს მერობის კანდიდატი. 

26 აგვისტოს, კახა კალაძემ თქვა, ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმა შეიმუშავეს. მისივე თქმით, "ელიავას ბაზრობა სერიოზული პრობლემაა, მისი ასე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია".

კომენტარები