ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: პანდემიის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენება კოვიდგენოციდში გადაიზარდა

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სთხოვს, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა. მისი თქმით, მანქანაში და ბინებში გამოკეტილი ადამიანი "ყველაზე მოწყვლადია" და პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი.

"რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში. ჩვენი ქვეყნის ისტორიას კაი ხანია არ ახსოვს რიგები სასაფლაოებზე, კუბოების დეფიციტი, ივანიშვილის დაპირება უფასო ფულზე განხორციელდა უფასო სიკვდილში. ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, მე კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ - გააუქმეთ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი". – თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები პარტიის მიერ შეტანილი სარჩელის, რომელიც ტრანსპორტის აღდგენას ეხება. 

"ჰააგის ტრიბუნალზე ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ, გენოციდის მოწყობის ბრალდებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს სარჩელს ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით". – ამბობს ნათელაშვილი. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

კომენტარები