ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტში მისი შესვლის პერსპექტივით ხელისუფლება თავზარდაცემულია

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი გამოკითხვა Facebook-ზე პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, ქართული ოცნებისა და სპეცსამსახურთა სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში გაგზავნილი საჩივრების გამო წაიშლა. დეპუტატის ცნობით, ათეული ათასობით ადამიანი მის პარლამენტში შესვლას უჭერდა მხარს. სწორედ ამიტომ მართველმა გუნდმა შიშის გამო გადაწყვიტა პოსტის "გასაჩივრება". 

"ძვირფასო მეგობრებო, გამოკითხვა, რომელიც ამ გვერდზე იდო ჩემი პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე და სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა შესვლის პოზიციას, წაშლილია ქართული ოცნებისა და სპეცსამსახურთა ე. წ საჩივრებით Facebook-ის ადმინისტრაციაში. ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო. აბა, ახლა ესენი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს, როცა სოციალური ქსელიდან ფეისბუკ-გამოკითხვაც კი გააქრეს". - წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე. 

"მე შევიდე პარლამენტში?" - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებდა. მისი თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით მიიღებდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა, თუმცა პარტია ოპოზიციის თავდაპირველ ბოიკოტს შეუერთდა და პარლამენტში არ შევიდა. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები