კორონავირუსი და შეზღუდვები

რეგულაციების დარღვევისთვის კაფე "გარდენია" დალუქეს

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო კაფე "გარდენია" დალუქეს. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ადასტურებს. 

მათი ინფორმაციით, რესტორანი გუშინ, 28 აგვისტოს, სოციალური ღონისძიების ჩატარებისთვის დაჯარიმდა, დღეს კი ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. 

"მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია". – წერია ინსპექციის განცხადებაში. 

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ამასთან, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე. 

კომენტარები