ვაქცინა

ევროკავშირმა AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ასაკობრივი ჯგუფისათვის დაადასტურა

ფოტო: dw.com

ევროკავშირმა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca Plc-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრული ასაკობრივი ჯგუფისათვის დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

ევროპული კომისიის მიერ გაცემული ნებართვით, AstraZeneca მესამე ვაქცინა იქნება, Pfizer Inc. და Moderna-ს ვაქცინების შემდეგ, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის მოსახლეობისათვის.

ვაქცინების მოსალოდნელი დეფიციტი და წარმოების შეფერხება კომპანიებსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობას ზრდის.
Bloomberg-ის ცნობით, AstraZeneca-ს ვაქცინა ევროკავშირში არსებულ ვაქცინების დეფიციტს საგრძნობლად შეამცირებს.

მიუხედავად ევროკავშირის თანხმობისა, გერმანია, ამ ეტაპზე, ძველი რეკომენდაციის გათვალისწინებით იმოქმედებს, რომლის მიხედვითაც,  ვაქცინა მხოლოდ 18-დან 64 წლამდე ასაკის პირებისათვისაა რეკომენდებული.

„ევროპის წამლების სააგენტოს“ განცხადებით, ჩატარებულ ცდებსა და კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, მათ შორის, ხანდაზმულთა ასაკობრივ ჯგუფებშიც.

AstraZeneca ერთ-ერთი იქნება იმ ვაქცინათა შორის, რომლითაც საქართველოში მოქალაქეები აიცრებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო აღნიშნული ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, მიიღებს.

Bloomberg-ის მონაცემებით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა, Pfizer და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით, ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა მისი შენახვა და ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია.
 

კომენტარები