კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: COVID-19-ის ვაქცინების შემთხვევაში ADE-ს მექანიზმი ადამიანებში არ დასტურდება

Metronome.ge

"ADE (ანტისხეულებით გამოწვეული იმუნური აქტივაცია)-ს მექანიზმი ადამიანებში აღწერილი არაა კოვიდ-19-ის ვაქცინების გამოყენების დროს (ვაქცინის 5 მილიარდი დოზაა გამოყენებული)! ეხლა ყველა მსგავსი თეორიული "ბოდვა" დანაშაულია და მხოლოდ სიკვდილთან ალიანსს ნიშნავს". - ასე გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს. კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინის კლინიკური კვლევის ფაზები აუცილებლად ითვალისწინებს ADE-ს კვლევასაც, რაც ნიშნავს ანტისხეულზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაციას. კვლევების შედეგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში მსგავსი იმუნური პასუხი არ დაფიქსირებულა.

"არსებობს ასეთი ვაქცინაციაში ცნობილი მოვლენა, რომელსაც ჰქვია  ანტისხეულზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია - თუ ადამიანს აქვს რაღაც ტიპის ანტისხეულები ამა თუ იმ ინფექციის მიმართ უკვე შეძენილი, ეს ინფექცია მას შეხვდება ან ანტიგენის სახით ვაქცინაში, ან ბუნებრივი გზით და შეიძლება ამ ანტისხეულებმა, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი გააძლიერონ. ეს არის დენგეს ვირუსთან დადგენილი ფაქტორი - ანუ დენგეს ვირუსი უფრო მძიმედ მიდის გადატანილ ადამიანში, ვიდრე არაგადატანილში. ასეთი ნიუანსური კვლევები პირველი, მეორე ფაზის დროს, უფრო პირველი ფაზის დროს, SARS1-ის და  MERS-ის ვაქცინების შექმნის დროს შეამჩნიეს, ამ დროს ცხოველებში ნახეს, რომ ADE მოახდინა ამ ვაქცინებმა ვირთაგვებში და ცხოველებში და განუვითარდათ ტელიმფოციტების ისეთი აქტივაცია, რომ დაიწყო ფილტვის დაზიანების განვითარება ცხოველებში. ახლა სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რადგან ბევრი ვერ აცნობიერებს და ამას ანტივაქსერები ავრცელებენ, ყველა ვაქცინის კვლევა კლინიკური ფაზის დროს აუცილებლად ითვალისწინებს ამის[ADE] კვლევას, არცერთ დღეს არსებულ ვაქცინას ანტისხეულზე დამოკიდებული აქტივაცია იმუნური პასუხის არ დაუდასტურდა, ეს საკითხი ამ შემთხვევაში მოხსნილია". - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

გუშინ, 27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობდა ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE), რამაც ზოგი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად მოჰყავს სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები.

ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიერონ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა.

 

კომენტარები