ისრაელი-საქართველო

გიდორი: გამაოგნა სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ქადაგებამ ანტისემიტური მესიჯებით

"გაოგნებული ვარ სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ახლახანს გამოქვეყნებული ქადაგების მოსმენით, რომელიც შეიცავდა აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს. მათი ზოგადი კონტექსტი წარმოადგენდა მრევლის მიერ კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან თავის შეკავებას". -  ისრაელის ელჩი, რან გიდორი შეშფოთებულია დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქადაგებით, რომელიც ანტისემიტურ შინაარს შეიცავდა და ასევე მრევლს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

"ეს ფაქტი დაემატა ბოლო 8 თვის განმავლობაში წარმოთქმულ 3 არანაკლებ ანტისემიტურ ქადაგებას, რომლებიც წარმოთქვეს ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა (2020 წლის 20 დეკემბერი), ქუთაისის სამების ეკლესიის მღვდელმსახურმა ილია კარკაძემ (2021 წლის 4 იანვარი) და ეპისკოპოსმა საბა გიგიბერიამ (2021 წლის 8 თებერვალი).

საქართველოში არ არის ანტისემიტური საზოგადოება და ებრაელებს ყოველთვის მიესალმებოდნენ ამ ქვეყანაში. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო თანამშრომლობები და ტურისტული კავშირები ამ 26 საუკუნოვანი მეგობრობის დასტურია.

თუმცაღა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაჟღერებული ანტიებრაული განცხადებები შეშფოთების საბაბს იძლევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. თვით ფაქტი, რომ მღვდელმსახურ მინდიაშვილის წაქეზება მალევე მოჰყვა 5 ივლისის ძალადობრივ თავდასხმებს ჟურნალისტებზე, ლგბტ აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, უფრო მეტად შემაშფოთებელია და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.

ამ ფონზე, საქართველოს საპატრიარქომ საჯარო განცხადებით (24 აგვისტოს დათარიღებული) დაარწმუნა ისრაელის საელჩო, რომ ,,... სასულიერო პირების ნებისმიერი რადიკალური განცხადება და ანტისემიტური ხედვები არის სრულიად მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის". ჩვენ ასევე მივესალმებით მსგავს განცხადებას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან.

გარდა ამისა, ეს უკანასკნელი წახალისება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს აუცილებლობას გაწევრიანდეს 30-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის რიგებში (მათ შორის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია), რომლებმაც უკვე მიიღეს IHRA (ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი)-ის მიერ შემუშავებული ანტისემიტიზმის არა სამართლებრივად სავალდებულო სამუშაო განმარტება.

მომავალ წელს ისრაელი და საქართველო აღნიშნავს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ჩვენ მოუთმენლად ველით აღვნიშნოთ საიუბილეო წელი მრავალი ახალი ერთობლივი პროექტით, შეთანხმებითა და ინიციატივით. ეს ასევე იქნება შესაფერისი შესაძლებლობა ვაღიაროთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის პირადი ღვაწლი, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ისრაელისა და ებრაელი ხალხის ჭეშმარიტ მეგობრად. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უწმინდესის წინამძღოლობით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაემიჯნოს ბნელ ხმებს, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს, ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას და ნაცვლად ამისა წაახალისებს ძმობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის გზავნილებს". - ვკითხულობთ  რან გიდორის განცხადებაში

24 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ქადაგება სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და, ამასთან, შეიცავს ანტისემიტურ განწყობას, რის გამოც საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს.

 

კომენტარები