ისრაელი-საქართველო

ისრაელის ელჩი საქართველოში: გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას პრემიერმინისტრი ესწრებოდა

ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადიმ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში საქართველოში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ჰადას მეიცადიმ თქვა, რომ მას გაუკვირდა, როდესაც ირანში ებრაჰიმ რაისის და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვაზე საქართველოს პრემიერმინისტრი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იხილა

ჰადას მეიცადის თქმით, ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, როგორც ჰამასის მფარველები და დამფინანსებლები, პირადად იყვნენ პასუხისმგებელი 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმაზე. 19 მაისს ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

"ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. [...] ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო." - თქვა ჰადას მეიცადიმ. 

მეიცადი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თქვა, რომ საქართველოსთვის ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და არჩევნების დღეს ხალხის ნება ძალიან მკაფიოდ უნდა აისახოს. 

ინტერვიუში ისრაელის ელჩმა ასევე ისაუბრა ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის დასრულების პერსპექტივებზე. ჰადას მეიცადიმ თქვა, რომ ომი შესაძლოა ხვალაც დასრულდეს, თუმცა ამის უმთავრესი პირობა ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზის სექტორის ჰამასისგან დაცლაა.

კომენტარები