ევროპული საქართველო

ბოკერია ევროპელების კანდიდატის შვილის გატაცებაზე: ოცნების საარჩევნო კამპანიის საფირმო ნიშანია

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, პარტიის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო გალახვარიძის შვილის გატაცებას ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამტაცებელი პირები ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულნი და სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარიც.

"რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ნინო გალახვარიძის შვილი იქნა გატაცებული, ამ მომენტისთვის, ჩვენთვის უცნობი პირების მხრიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოები უკვე ჩაყენებული არიან საქმის კურსში.

თქვენ იცით, რომ ჩვენს გუნდს, ევროპულ საქართველოს, არასდროს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლებისთვის, სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს, ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით, ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე ქართული ოცნების საარჩევნო მანქანასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი", - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ეს ფაქტი პირდაპირი პასუხისმგებლობაა მმართველის ძალის და მის მიერვე შექმნილი კლიმატის შედეგია. ბოკერიას მიაჩნია, რომ სწორედ ესაა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის საფირმო ნიშანი. 

"ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, რა გაირკვევა და რა არის მოტივი ამ დანაშაულის, ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა დღისით, მზისით, ადამიანი მოიტაცონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, მის მიერ შექმნილი კლიმატის შედეგად არის ეს შესაძლებელი და, როგორც წესი, ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოტივით, ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეულნი, პირდაპირ არიან მიბმულნი ქართული ოცნების საარჩევნო მანქანასთან წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის მათი კამპანიის საფირმო ნიშანი, ამიტომაა განსაკუთრებულად საგანგაშო ეს შემთხვევა.

იქ, სადაც ბედავენ ასეთ რამეს, კიდევ უფრო დაუცველები არიან რიგითი მოქალაქეები. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მიიღონ ზომები სამართალდამცავმა ორგანოებმა, რათა ეს ახალგაზრდა იქნეს ნაპოვნი და ძალადობის ჩამდენი პირები დასჯილნი". - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი თელავში, ნინო გალახვარიძე ამბობს, რომ მისი 19 წლის შვილი ქართული ოცნების ხალხმა გაიტაცა. გალახვარიძე ტაბულას უყვება, რომ შვილმა სამსახურიდან დაურეკა და უთხრა, რომ იტაცებდნენ. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები