არჩევნები 2021

ბოკერია ღარიბაშვილზე: სერიოზულ თანამდებობაზე ამ ფიგურის არსებობა ქვეყნისთვის კატასტროფაა

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

"სერიოზულ თანამდებობაზე ასეთი ფიგურის არსებობა ქვეყნისთვის კატასტროფაა". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ შარლ მიშელისა და აშშ-ის დახმარებით შეძლეს, "ოპოზიცია პარლამენტში შეგვეყარა, უკაცრავად, შეგვეყვანა".  

"არათუ პრემიერმინისტრის, არამედ სერიოზულ თანამდებობაზე ისეთი პოლიტიკური ფიგურის არსებობა, როგორც ღარიბაშვილი და ივანიშვილის გარემოცვის ყველა წარმომადგენელია, ქვეყნისთვის კატასტროფაა. ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ყველაფერზე პასუხი გასცენ არჩევნებზე. 

უნდა ვაიძულოთ ისინი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ეს სამარცხვინო, ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო რეჟიმი მშვიდობიანად გავისტუმროთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა, ჩვენი ისტორიული მისიის ნაწილი. ამ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვერ ვიქნებით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, შემდეგი შესაძლებლობა გვაქვს ახლა, ოქტომბერის არჩევნებზე. ეს უნდა იყოს პასუხი ყველა ამ უტიფარ განცხადებაზე". – ამბობს ბოკერია. 

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში მარცხდება, ამიტომ მის გადადებას ითხოვენ. ბოკერია საპასუხოდ ამბობს, რომ არჩევნების გადადებაზე ლეგიტიმური კითხვა არა ოპოზიციამ, არამედ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დასვა, ქართული ოცნება კი პანდემიას ხალხის დასაშინებლად იყენებს. 

"ჩვენი, ევროპული საქართველოს პოზიცია ასეთია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კატასტროფა ვნახეთ უკვე, როდესაც ვაქცინაცია ჩააგდეს, ფეხებზე დაიკიდეს და ამის შედეგია, რაც ახლა ხდება. ჩვენ არც მომავალში არ ვხედავთ, რომ ისინი ვითარების მართვას შეძლებენ, სამწუხაროდ. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი ამ უმძიმეს ვითარებაში ამ ხელისუფლების სწრაფად შეცვლაა. მხოლოდ ამ პირობებში იქნება შესაძლებელი როგორც პანდემიის, რომელიც 1 თვეში არ მორჩება, ისე ყველა პრობლემის, რომელიც ამასთან ირიბად თუ პირდაპირ არის დაკავშირებული, გადაჭრის დაწყება. 

გეგმა რომ ჰქონოდა მთავრობას, ვხედავდეთ, რომ ამას აკეთებდა და არჩევნების გადადება რომ შემოეთავაზებინა, განხილვადი იქნებოდა. ამას არც აპირებენ და პირიქით, პანდემიის გამოყენება უნდათ, რომ ხალხი დაშინებული იყოს. ამიტომ, ამაზე პასუხი უნდა იყოს არჩევნებზე მისვლა და ამ რეჟიმის დამარცხება, რომ შემდეგ რეალური ნაბიჯები გადაიდგას, პირველ რიგში, ეფექტური ვაქცინაციით". – ამბობს გიგა ბოკერია.  

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები