ვახო სანაიას საქმე

TI სანაიას საქმეზე: განაჩენი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას წაახალისებს

ვახო სანაია
ფორმულა

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს (TI) შეფასებით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას წაახალისებს.

ანტიკორუფციული მოძრაობის განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების, მათი დისკრედიტაციისა და ხელისუფლების მხრიდან არაეფექტიანი რეაგირების ფონზე, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს.

"როგორც ცნობილია, ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას 2021 წლის 25 თებერვალს სამი პირი დაესხა თავს. ამ დროს, ჟურნალისტს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დღეს ვახო სანაიაზე თავდამსხმელები სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ძირითადი სასჯელის სახით ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ნიშანდობლივია, რომ სამივე თავმდამსხმელი 6 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მათ სასჯელის ვადად სწორედ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. შესაბამისად, ეს ვადა თავდამსხმელებს მოხდილად ჩაეთვალათ და ისინი დღესვე გათავისუფლდებიან.

ვახო სანაიას საქმე არ შეიძლება განხილული იყოს ქვეყნის მედიაგარემოში განვითარებული მოვლენებისგან განყენებულად, როცა კრიტიკული მედიის მფლობელების, მმართველების ან მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამასთანავე, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტების ეფექტურად გამოძიება არ ხდება, მათ შორის, დღემდე არ დამდგარა  5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მასიური თავდასხმის ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ დღეს სახელმწიფო ჟურნალისტების უსაფრთხოებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

რამდენიმე კვირაში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამ ფონზე კი კრიტიკული მედიასაშუალებები იღებენ მკაფიო გზავნილს, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ იქნება. აღნიშნული გარემოება ამძიმებს მედიის მდგომარეობას წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როცა სწორედ მედიის მიერ საზოგადოებისთვის კრიტიკული ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად". – ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს (TI) განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდნენ.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული

კომენტარები