ვახო სანაიას საქმე

ჟიჟილაშვილი სანაიას საქმეზე: ეს არის მწვანე შუქი, ქუჩაში შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მოუნდებათ

რომ გითხრათ, რომ მოულოდნელი იყო, არ ვიქნები მართალი, იმიტომ, რომ რაღაც მსგავსის მოლოდინი მქონდა, მითუმეტეს, იმ საყოველთაო დევნის პირობებში, რასაც კრიტიკული მედია დღეს განიცდის". – ასე აფასებს ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელი სამივე პირი გათავისუფლდა. 

"წარმოუდგენელია, რომ ამ ტიპის სასამართლოში მომუშავე მოსამართლეს მიეღო რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. ეს ადამიანები გამოვლენ, გათავისუფლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს, ვისაც ასე ქუჩაში შეურაცხყოფის მოყენება მოუნდება, დავალებით ან საკუთარი ინტერპრეტაციებით, რაღაც მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მას შეუძლია თავისუფლად გააკეთოს იგივე. თან ეს ხდება 5 ივლისის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ კოლეგა, სწორედ მსგავსი წახალისებული ადამიანების მხრიდან აგრესიული ქმედებების შედეგად. ეს არის სრული მწვანე შუქი, თქვენ შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ, ამისთვის ან უდანაშაულოდ გცნობენ, ან მხოლოდ ექვსი თვით არ მოიწყენთ ისე გაატარებთ დროს საკანში". – ამბობს ჟიჟილაშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.  

კომენტარები