ვახო სანაიას საქმე

NGO-ები სანაიას საქმეზე: მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

ფორმულა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმაზე სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთი საფრთხეა.  

"Სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს". - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა - ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას, სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე.

"სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა. მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას". – წერენ NGO-ები.   

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდნენ.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული

კომენტარები