არჩევნები 2021

პაპუაშვილი: არჩევნებამდე 1 თვით ადრე გადადების მოთხოვნა პოლიტიკურ კაპიტულაციას ნიშნავს

ჩვენ, ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან, მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.

ნაციონალური მოძრაობის კამპანია სამ ამოცანას ემსახურება. პირველი მიზანია - საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად, მეორე - არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს; მესამე - წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, რათა იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, ვინაიდან საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.

კომენტარები