არჩევნები 2021

გამყრელიძე არჩევნებზე: ლომჯარიას პატივს ვცემ, მაგრამ პოლიტიკურ თემად არ უნდა იყოს აწეული

"პოლიტიკურ თემად არ უნდა იყოს აწეული". - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოწოდებას ეხმაურება.

"სახალხო დამცველი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ღერძი. პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონ ნინოს აქვს უფლება, საკოორდინაციო საბჭოზე მობრძანდეს და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები". - ამბობს ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს მოუწოდა, იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, რადგან საქართველოში ეპიდვითარება, მისი შეფასებით, უკიდურესად მძიმეა.  

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არჩევნების გადადება "წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნაა".  ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის სიტყვებს "ანომალია" უწოდა, გიორგი ვოლსკიმ კი თქვა, რომ ომბუდსმენი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების "გარე სპიკერად ჩამოყალიბდა".  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ თუ პროფესიონალები ფიქრობენ, რომ არჩევნების გადადება "ამ სასაკლაოს" შეაჩერებს, მათ ეს უნდა თქვან. თუმცა კითხვას, გასცემს თუ არა არჩევნების გადადების რეკომენდაციას, ამირან გამყრელიძე არ პასუხობს. 


24 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 288 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 924  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი.  

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 523 022 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 840 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები