კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 9 პაციენტი მოვათავსეთ საველე ჰოსპიტალში, უკვე სრული დატვირთვით იმუშავებს

გუშინ, 19 აგვისტოს, საღამოს დადგა აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო, 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჰოსპიტალი უკვე სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.  

ამასთან ერთად, თამარ გაბუნიას თქმით, მკურნალობის პერიოდში საველე ჰოსპიტალი იქნება დროებით გამოყენებული და პაციენტს 2-3 დღეზე მეტი გაჩერება არ მოუწევს, შემდგომ მას, სიმძიმის მიხედვით, გადაიყვანენ კოვიდსასტუმროში ან კლინიკაში. 

"საველე ჰოსპიტალი არის დროებით დაყოვნებისთვის, ანუ ჩვენთვის მთავარია, მოხდეს პაციენტის დროებული სტაბილიზაცია და, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მათი გადამისამართება, ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ მოგვიწევს პაციენტის დაყოვნება და შემდეგ გადავა სასტუმროში, ან კლინიკაში. ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, მაშინვე ივსება, არის რამდენიმე სარეზერვო ადგილი, თუმცა ბრუნვის ხარჯზე ხდება მაინც პაციენტების მიღება". - ამბობს თამარ გაბუნია.

თბილისში, დიღომსა და სამგორში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 2 საველე ჰოსპიტალი მოეწყო.  თამარ გაბუნიას თქმით, აჭარასა და იმერეთში საწოლფონდის მოწყობასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 389 ტესტი და დადასტურდა 4 743 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი.

კომენტარები