ავღანეთი

ბაიდენი: ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანისთვის კარგი დრო არასდროს ყოფილა

ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარიგებამ თალიბანთან, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 15 000-დან 2 500-მდე შეამცირა. მისივე თქმით, ტრამპის გარიგება თალიბანთან ითხოვდა აშშ -ს ძალების დატოვებას 2021 წლის 1 მაისამდე. 

"2001 წლიდან, თალიბანი სამხედრო თვალსაზრისით  ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, იყო ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გაყვანა ან კიდევ ათასობით სამხედროს ავღანეთში გაგზავნა "ომის მესამე ათწლეულის" დასაწყებად". – ამბობს ბაიდენი.

მისი თქმით, 1 მაისის შემდეგ შეერთებული შტატების ჯარის თალიბანისგან დაცვა შეთანხმებული არ ყოფილა. 

"არასოდეს ყოფილა კარგი დრო აშშ -ს ჯარების გაყვანისთვის". – ამბობს ბაიდენი. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები