საქართველო-ბელარუსი

სუს ბელარუსთან შეთანხმებაზე: არ გვავალდებულებს, სახელმწიფო ინტერესთა წინააღმდეგ ვიმოქმედოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან 2016 წელს გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ეხმაურება, რომელიც ძალაში პირველ აგვისტოს შევიდა. სუს-ის ინფორმაციით, მსგავსი შეთანხმება საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან აქვს და ის მხარეებს არ ავალდებულებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ.

"სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს, განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.

აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში, საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები