ეკონომიკა

580 მილიონი ლარის სახელმწიფო გრანტების მიზნები და ეფექტიანობა გაუგებარია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017-2019 წლებში სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გრანტების უდიდესი ნაწილის მიზნები და ეფექტიანობა ბუნდოვანი და გაუგებარია. 

აუდიტის პროცესში შემოწმებულია 8 ორგანიზაცია: 

  • აწარმოე საქართველოში;
  • ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • განათლების საერთაშორისო ცენტრი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
  • ახალგაზრდობის სააგენტო;
  • სსიპ რუსთაველის ფონდი;
  • სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო [ქართული ჩაი];
  • სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო [დანერგე მომავალი].

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციებზე 585 მილიონ ლარზე მეტის გრანტები გაიცა, კერძოდ: 

  • სოფლის მეურნეობა − 366 345 000 ლარი;
  • განათლება − 122 378 000 ლარი;
  • აწარმოე საქართველოში − 90 352 000 ლარი;
  • ინოვაციები და სტარტაპები − 6 552 000 ლარით.

გაცემული გრანტების მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ არსებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, რაც არ იძლევა მიზნებისა და ეფექტიანობის ზუსტად შეფასების საშუალებას. 

"შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ექვსის მიერ განსაზღვრული გრანტის გაცემის მიზნები ზოგადი ხასიათისაა, არ არის ან არასათანადოდაა განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორები, რაც არ იძლევა შესაძლებლობას გააანალიზეს, კონკრეტულად რა მოცულობით და როგორი ხარისხით შეუწყო ხელი 2017-2019 წლებში გრანტის სახით დახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017-2020 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას". – წერია აუდიტის ანგარიშში. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ გრანტების გამოცხადებისა და გაცემის პროცესში სათანადოდ არ არის დაცული გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპები. 

"შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამის მიერ გამოცხადებული საგრანტო პირობები და დაფინანსების სქემა არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული. შესაბამისად, კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესში არ არის სათანადოდ დაცული გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპები, რამაც, შესაძლოა, გრანტის ხელმისაწვდომობა შეზღუდოს".

აუდიტის სამსახურმა პროექტის დაგეგმვის ნაკლოვანებებიც გამოავლინა, რაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტის არაეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობას აძლევდა.  
 

კომენტარები