ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ქვეყნის მასშტაბით ენმ-ის მერობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე მოქალაქეებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდნენ და ხმა ოპოზიციას მისცენ.
"მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ქართული ოცნება, რეფერენდუმი იქნება და ამ რეფერენდუმში ის დამარცხდება. დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიასთან, ან მის ერთობასთან.
არჩევანი კი ნამდვილად თქვენზეა. გინდათ, რომ სიღარიბე და გაჭირვება კვლავ იზრდებოდეს და სამუშაო ადგილები იკარგებოდეს? მაშინ შემოხაზეთ 41. ხოლო თუ გინდათ სიღარიბის დამარცხება და უკეთესი ცხოვრება, შემოხაზეთ ოპოზიცია. გინდათ ხელისუფლება, რომელიც მარტო დაგტოვებს COVID-პანდემიის პირისპირ და გულგრილად შეხედავს ყველა შენს პრობლემას? მაშინ შემოხაზე 41. ხოლო თუ გინდა მზრუნველი, კომპეტენტური ხელისუფლება, უნდა შემოვხაზოთ ოპოზიცია. გინდათ თბილისში დღისით, მზისით, დედებო, შვილებო, ევროკავშირის დროშებს წვავდნენ? ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ? მაშინ შემოხაზეთ 41. ხოლო თუ გინდათ პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ადამიანის ღირსებას, სიცოცხლეს პატივს სცემს და იცავს, შემოხაზეთ ოპოზიცია". – თქვა ნიკა მელიამ.
მელიამ 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ დადგა დრო, ქართული ოცნება ქვეყნის მართვას ჩამოშორდეს.
"გინდათ, მილიონებს ინაწილებდეს მმართველი კლანი, ხალხისთვის ყველაფერი ყოველდღე ძვირდებოდეს და შემოსავალი მცირდებოდეს? ეს თუ გვინდა, მაშინ შემოვხაზოთ 41. თუ გვინდა არაკორუმპირებული და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, მაშინ შემოვხაზოთ ოპოზიცია.
გვინდა, რომ ახალგაზრდებს პერსპექტივების უქონლობის და ჩვენს მშობლებს სასოწარკვეთის გამო ქვეყნიდან გაქცევა უწევდეს? ეს თუ გვინდა, არ დავფიქრდეთ, არ ვიყოყმანოთ, შემოვხაზოთ 41, ხოლო თუ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს ამ ქვეყანაში შეეძლოთ ღირსეული განათლების მიღება და დასაქმება, ხოლო ჩვენს მშობლებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, მაშინ ხმა მივცეთ ოპოზიციას. დადგა დრო, რომ აღარ მოვითმინოთ, აღარ შევეგუოთ უიმედობას, უპერსპექტივობას, რაც ამ რეფერენდუმზეა დასამარცხებელი.
დადგა დრო, რომ ისინი ჩამოშორდნენ ქვეყნის მართვას, დადგა დრო, რომ შეწყვიტონ ქვეყნის ძარცვა. დადგა დრო, ქვეყანამ შეწყვიტოს რუსეთისკენ დიდი სისწრაფით სვლა და ჩვენი წინაპრების, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის არჩეულ დასავლურ გზას კვლავ უნდა დავადგეთ ყველანი ერთად. ამიტომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა". – თქვა მელიამ.
ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.





