არჩევნები 2021

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება

ქალაქ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია იქნება. 

"მინდა წარმოგიდგინოთ კანდიდატი, რომლის წარდგენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ძალიან ემოციურია. წარმოგიდგენთ კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში. ეს ადამიანი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გახლავთ მთავარი მოტივატორი, ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე - როგორ უნდა ვიყო პრინციპული იქ, სადაც საჭიროა, როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში, როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი ბნელისგან. ადამიანი, რომლის წარდგენის შემდეგაც თქვენ ალბათ მიხვდებით მთელი ჩვენი გუნდი რამდენად სერიოზულად ვეკიდებით კარს მომდგარ რეფერენდუმს, ნათლად ასახავს ჩვენს განწყობას და თავგანწირვას, რომ დიახაც, ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა". – თქვა ნიკა მელიამ ანზორ მელიას წარდგენისას.

ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები