ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ გენდერული კვოტები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ევროპულმა საქართველომ სავალდებულო გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელეები ევროპული საქართველო, პარტიის წევრი ქალები და ამომრჩევლები არიან. მათ ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს. 

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და იურისტი, გვანცა კვარაცხელია დაიცავს. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პირველი, პარტიების თავისუფალ საქმიანობას ეწინააღმდეგება, მეორე თავად უფლებას, რომ იყოს არჩეული ადამიანი და მესამე, ეწინააღმდეგება ასევე ამომრჩევლის თავისუფალ ნებას. მიგვაჩნია, რომ გენდერული კვოტები თავისთავად ნიშნავს შედეგობრივად ადამიანების გათანაბრებას და ეს არ ნიშნავს ქალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში არის ქალებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ეს კვოტებთან არაა დაკავშირებული. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა შეიზღუდოს სქესის საფუძველზე". – ამბობს იურისტი, გვანცა კვარაცხელია. 

პარტია გენდერულ კვოტირებას ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევს. ევროპული საქართველოს წევრი, ნინო თოდრია ამბობს, რომ მისთვის გენდერული კვოტირება შეურაცხმყოფელია. 

"კვოტირება არის არაკონსტიტუციური და რეალურად ეს დემოკრატიის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. პირადად მე ვარ შეურაცხყოფილი კვოტირებით, რადგან ყველა აბსოლუტურად იფიქრებს, რომ კვოტის დახმარებით მოვხვდი საკრებულოში, მაგრამ რეალურად მე ჩემი შრომითა და შესაძლებლობით ვცდილობ, რომ დავიმკვიდრო თავი საკრებულოში. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ გვჭირდება ხელოვნურად ჩასმული ადამიანები, რომლებიც შეცვლიან ჩვენს რეალობას, რადგან რეალურად ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს რეალობას. ჩვენ ისტორიიდანაც კარგად გვახსოვს, რომ პირველი ქალი პოლიტიკოსები სულ 6-ნი იყვნენ, მაგრამ ისინი ნამდვილად ცვლიდნენ რეალობას. ჩვენ თუ ვფიქრობთ, რომ კვოტირებით მოგვარდება პრობლემა, მაშინ რატომ არ ვფიქრობთ, რომ ასევე მოწყვლადი ჯგუფების კვოტირებით შესაძლებელი იქნება მათი პრობლემების მოგვარება?" – ამბობს ნინო თოდრია.

 


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები