ფარული მოსმენა

სუს: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების პრევენციის მიზნით გამოძიებას ვიწყებთ

მთავარი არხის მიერ ე.წ სუს-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც უწყება წერს, ბოლო პერიოდში გახშირდა სუს-ის "თანამშრომლებისა და თანამდებობების პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები", რაც, მათივე განმარტებით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენს. 

სწორედ ამიტომ, უწყებამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების  პრევენციის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია". – წერია განცხადებაში. 


მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

რადიო თავისუფლების ცნობითმთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის – გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილია. გელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ის, 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

2 აგვისტოს სუს-ი ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დეზინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივებას ემსახურება.

კომენტარები