ფარული მოსმენა

სუს-ი დოკუმენტებზე: ეს დეზინფორმაცია ჩვენს დისკრედიტაციას ემსახურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სუს-ი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დეზინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივებას ემსახურება.

"საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები". –ნათქვამია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია. 

"სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია  წარმოადგენს   ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება". – ნათქვამია განცხადებაში. 


მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.  არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

რადიო თავისუფლების ცნობითმთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის – გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

ასევე, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილია. გელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ის, 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

კომენტარები