COVID-19-ის ვაქცინა

ჯანმოს წინააღმდეგობის მიუხედავად, საფრანგეთი სექტემბრიდან ვაქცინის მესამე დოზას დაუშვებს

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის გარდა, ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის გამოყენებას საფრანგეთიც აპირებს, ჯანმოს მიერ მესამე დოზების მიცემის შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად.

"მესამე დოზა ალბათ საჭირო გახდება, არა პირდაპირ ყველასთვის, არამედ ჯანმრთელობის ყველაზე რთული მდგომარეობის მქონეებისა და მოხუცებისთვის" – თქვა 5 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთულ ვიდეოში. 

მაკრონის თქმით,მოხუცებისთვისა და მძიმე ავადმყოფებისთვის ვაქცინის მესამე დოზის მიცემა სექტემბრიდან დაიწყება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება კვლევებს, რომელთა მიხედვითაც მსგავს მოსახლეობაში ანტისხეულების რაოდენობა შედარებით მალე მცირდება.

პარალელურად, გერმანიაში ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბრიდან რისკ-ჯგუფების ვაქცინის დამატებითი დოზით აცრის გადაწყვეტილება ორშაბათს, 2 აგვისტოს მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც AstraZeneca-ს და Jonson&Jonson-ის ვაქცინით აიცრნენ, სექტემბრიდან mRNA ვაქცინის, როგორიცაა ფაიზერი და მოდერნა, დამატებითი დოზის გაკეთებას შეძლებენ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ივნისში გამოაცხადა, რომ სექტემბრიდან ვაქცინის დამატებითი დოზების გაკეთებას იგეგმება. დამატებითი დოზით ვაქცინაციის რეკომენდაცია ვაქცინაციის და იმუნიზაციის კომიტეტმა გასცა.

ჯანმომ ქვეყნებს მესამე დოზის გამოყენების დროებით შეწყვეტა გასულ დღეებში სთხოვა.

"გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლებას სურს მოსახლეობის კორონავირუსის ახალი შტამებისგან დაცვა, თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინების მსოფლიო მიწოდების ძირითადი ნაწილი გამოიყენეს, კვლავ უფრო მეტი შეიძინონ" – თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ისრაელი 29 ივლისს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხანდაზმულთა Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა.

კომენტარები