COVID-19-ის ვაქცინა

PFIZER-ის დირექტორი: ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა საკმარისი არ არის ომიკრონის წინააღმდეგ

Pfizer-ის დირექტორი, ალბერტ ბურლა

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, Pfizer/BioNTech-ის წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა არ არის საკმარისი ომიკრონის წინააღმდეგ და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მესამე, ბუსტერი დოზის მიღებაა საჭირო. 

"მხოლოდ ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ არ არის საკმარისი. ვაქცინის მესამე დოზა საკმაოდ კარგ დაცვას იძლევა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ". – ამბობს ბურლა. 

მეცნიერების შეფასებით, მუტაციების დიდი რაოდენობა ომიკრონის გავრცელების შესაძლებლობებს ზრდის და ვაქცინების ეფექტიანობას, COVID-19-ის სხვა ვარიანტებთან შედარებით, მის წინააღმდეგ ამცირებს. 

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინის ორი დოზა ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდებაში 52%-იანი ეფექტიანობით გამოირჩეოდა, ბუსტერი დოზის მიღების შემთხვევაში კი ეფექტიანობა 88%-მდე იზრდებოდა. 

ბურლას თქმით, Pfizer-ი და BioNTech-ი ამჟამად ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პრეპარატების შექმნაზე მუშაობენ და, სავარაუდოდ, ვაქცინა 2022 წლის მარტში მზად იქნება.

კომენტარები