დაძაბულობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე

ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 19 რაკეტა ისროლა

ჰეზბოლას წევრები რაკეტასთან, 2010-იანი წლები

6 აგვისტოს ირანის მარიონეტულმა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 19 რაკეტა ისროლა.

საგანგაშო სიგნალი ჩაირთო გალილეისა და გოლანის მაღლობის დასახლებებში. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 10 რაკეტა ჰაერში რკინის გუმბათის მეშვეობით უვნებელყვეს, 6 გაშლილ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 3 კი ლიბანის ტერიტორიაზე. 

რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო. 

"ისლამურმა წინააღმდეგობამ მაზარია შებას გაშლილი ტერიტორიების მიმართულებით ათობით 122 მილიმეტრიანი რაკეტით ცეცხლი გახსნა" – აცხადებს ჰეზბოლა. 

ჰეზბოლას სარაკეტო ცეცხლი ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას მოჰყვა.

ისრაელის ქმედება ლიბანიდან სამი რაკეტის სროლის შემდეგ ხანძრის კერების გაჩენას მოჰყვა. ოთხშაბათს, 4 აგვისტოს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი სამჯერ გახსნეს. მათ გაეროს სამშვიდობოების შუამავლობით ლიბანი გააფრთხილეს, რომ, თუკი საზღვარზე სიტუაცია არ დაწყნარდება, მათი საპასუხო ქმედებები უფრო უხეში იქნება.  სამი რაკეტიდან ორი ისრაელის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მიწაზე ჩამოვარდა, მესამე კი საზღვრის მეორე მხარეს დაეცა. ჩამოვარდნილმა რაკეტებმა ხანძრის კერები გააჩინეს, რომელთა ჩაქრობას 12 საათის შემდეგაც კი ცდილობდნენ. ეს რაკეტები ლიბანში მყოფმა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს.

6 აგვისტოს, ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა.

ლიბანიდან სარაკეტო ცეცხლი ბოლო 15 წლის განმავლობაში იშვიათად იხსნებოდა, 2006 წლის ლიბანის მეორე ომის შემდეგ, რომელიც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარეობდა.

კომენტარები