დაძაბულობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ისვრის ღაზის სექტორის მიმართულებით
The Times of Israel

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. რაკეტები გალილეას რეგიონში ჩამოვარდა. ერთი მათგანი საზენიტო თავდაცვის სისტემამ უვნებელყო, მეორე დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, იმ წერტილის მიმართულებით, საიდანაც რაკეტები უნდა წამოსულიყო. 

თავდასხმა,  სავარაუდოდ, ლიბანში მყოფმა პალესტინურმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. 

თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა პასუხისმგებლობა ლიბანს დააკისრა, რადგან, მისი თქმით, ლიბანი "ტერორისტებს საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედების ნებას რთავს". 

"ისრაელი საკუთარი სუვერენიტეტისა და მოქალაქეებისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ იმოქმედებს და გასცემს პასუხს, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, შესაფერის დროსა და სივრცეში. ისრაელი არ დაუშვებს ლიბანის სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ისრაელის უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნას". – თქვა ბენი განცმა. 

ბენი განცმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, იმოქმედონ ლიბანში სტაბილურობის აღდგენაზე. 

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, სირიულმა მედიამ ისრაელი ქალაქ ალეპოზე საჰაერო თავდასხმაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ეს თავდასხმა იდ ალ ადჰას დღესასწაულის დროს, ალ-აკსას მეჩეთში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციელებს შორის მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა. 

სირიის შემთხვევაზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები