აშშ-ტაივანი

აშშ მზადაა, ტაივანს 750 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიჰყიდოს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 750 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის მიყიდვის  ხელშეკრულება დაამტკიცა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური ჯერ არ ნიშნავს, რომ კონტრაქტი საბოლოოდ დამტკიცებულია და მოლაპარაკებები აშშ-სა და ტაივანს შორის დასრულდა.

შეთანხმება ტაივანისთვის M109A6 Howitzer ტიპის საარტილერიო იარაღის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვას ითვალისწინებს. პენტაგონის თავდაცვის და უშიშროების თანამშრომლობის სააგენტომ შესაძლო სავაჭრო გარიგების შესახებ კონგრესს ინფორმაცია ოთხშაბათს, 4 აგვისტოს მიაწოდა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. სამინისტროს ცნობით, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა გააძლიერებს ქვეყნის სახმელეთო ძალებს და საჭიროების შემთხვევაში საფრთხეზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა შეიარაღების საკითხებში რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იარაღის შესყიდვაზე ტაივანის და აშშ-ს შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ჩინეთის შეფასებით, ეს ჩინეთის შიდა საქმეში ჩარევაა. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს. ჩინურმა მხარემ აშშ-ს ტაივანთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

2021 წლის აპრილში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტაივანში არაოფიციალური დელეგაცია გაგზავნა, რომლის მიზანიც ქვეყნისთვის აშშ-ს მხარდაჭერის ჩვენება იყო. აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უწყებას აშშ-სა ხელისუფლების წევრებისთვის ახალი რეკომენდაციები მიიღო, რომლებმაც ამერიკელ თანამდებობის პირებს და მათ ტაივანელ კოლეგებთან თანამშრომლობა უნდა გააადვილოს.

კომენტარები