მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ბეზოსმა პირველობა ისევ დაკარგა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნოა 

ჯეფ ბეზოსი და ბერნარ არნო

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 2021 წელს პირველობა კიდევ ერთხელ დაკარგა და მისი ადგილი ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელმა, ბერნარ არნომ დაიკავა. 

ბეზოსის ქონების თითქმის 20 მილიარდი დოლარით შემცირება Amazon-ის იმედგამაცრუებელი შედეგებითაა გამოწვეული, კომპანიამ ვერ მოახერხა ანალიტიკოსთა მიერ დასახული შემოსავლებისა და მოგების ნიშნულების მიღწევა, რის გამოც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ფრანგი ინვესტორის, არნოს ქონება 199 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამერიკელი მეწარმის, ბეზოსის კი – 193.8 მილიარდად.  

ბეზოსის თითქმის 200-მილიარდიანი ქონების 90% Amazon-ის აქციებზე მოდის, შესაბამისად, ფასების შემცირება უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ცვლილებას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა და არნომ 2021 წელს მილიარდერების რეიტინგში ადგილები არაერთხელ გაცვალეს, რაც მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების აქციების ფასების მერყეობითაა გამოწვეული. 

Forbes-ის რეიტინგი მუდმივად განახლებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციების ფასების ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა, ბეზოსისა და არნოს პოზიციები არაერთხელ შეიცვალოს. 

2020 წელს არნოს ქონება 76 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თითქმის ერთ წელიწადში კი ის 100 მილიარდზე მეტით გაიზარდა, რაც LVMH ჰოლდინგის წარმატებითაა განპირობებული. 

LVMH-ის მფლობელობაში ამჟამად 75-მდე ბრენდი შედის, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loro Piana, Kenzo, Celine, Fenty, Princess Yachts, Bulgari და Tiffany & Co.

კომენტარები