კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში, დღევანდელი მდგომარეობით და საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. თუმცა, გაბუნიას განმარტებით, "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე". ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანა ამ დროისთვის იმყოფება ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში, – "ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, პროგნოზულად, რომელსაც ჩვენ  საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან ვიღებთ. ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ესაა პიკი, რომელიც შემდეგი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე".

დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  43 932 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 1 227, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 ადამიანი. 

3 აგვისტოს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 428 670 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 388 893 პაციენტი, ხოლო  გარდაიცვალა – 5 910.

კომენტარები