კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ აქტიურ შემთხვევებს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა იყო თითქმის სტაბილურად 3 000-მდე, რაც, ბუნებრივია, ქმნის სერიოზულ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, ყოველდღიურად დამატებითი საწოლფონდი​ ერთვება.

შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ აქტიურ შემთხვევებს. პრაქტიკულად, ჩვენ კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის კლინიკა, რომელიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყო მიმღები კოვიდპაციენტების.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%, ბოლო 14 დღის – 6.95%, ბოლო 7 დღის – 7.57%. ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 31 597 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც მძიმე პაციენტია 1 139, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 ადამიანი.

კომენტარები