ფარული მოსმენა

რადიო თავისუფლება ადასტურებს, რომ სუს-ის დოკუმენტებში მათი ჟურნალისტის ჩანაწერია

რადიო თავისუფლების ცნობით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის - გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

გამოცემა წერს, გვარამიას მიერ 1 აგვისტოს პირდაპირ ეთერში წაკითხული ერთ-ერთი ეპიზოდი ემთხვევა გიორგი მგელაძის სატელეფონო საუბარს სხვა სააგენტოს წარმომადგენელთან, რომელიც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულში დაუცველი ხაზის მეშვეობით შედგა.

"მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი - რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედია, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.

თ.[ ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული.

ასევე თ.-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ.-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები.

ორიენტირი: გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით". 

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

კომენტარები