შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე

ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება

Facebook/Shanae Brooke

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრალიელი ტურისტი ქალის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

"სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით". – წერია შსს-ს კომენტარში. 

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

ავსტრალიელი ტურისტი, შანაე ბრუკი 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს

"უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური". – ეწერა შსს-ს მიერ გავრცელებულ გუშინდელ განცხადებაში. 

თბილისში ავსტრალიელი ტურისტი გუშინ, 30 ივლისს გაუჩინარდა. ის ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს.

როგორც მისი მეგობარი Facebook-ზე წერს, შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

კომენტარები