უმუშევრობა

პანდემია და უმუშევრობა საქართველოში – მიმოხილვა

2020 წლის ბოლოს, უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 18.5%-ს შეადგენს და NDI-ს ამავე წლის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 46%-ისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. 

მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ყოველ წელს მაღალი იყო, გარკვეული შიდა თუ გარე ფაქტორების ფონზე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა. PMC Research-ის ახალი კვლევა სწორედ ამ პრობლემის ქრონოლოგიურ მიმოხილვასა და კორონავირუსის პანდემიის ეფექტებზეა ორიენტირებული.

COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე საქართველოში უმუშევრობის დონის დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნეოდა. 2017 წლიდან 2019 წლამდე, მაჩვენებელი 21.6%-დან 17.6%-მდე შემცირდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონის შემცირების პოზიტიური ცვლილება არ ასახულა დასაქმების მაჩვენებელზე, რომელიც მოცემულ პერიოდში უცვლელი იყო. მეტიც, 2017 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში, სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანების მაჩვენებელი შემცირდა 54.5%-დან 51.8%-მდე. შესაბამისად, კვლევაში ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონის კლება ამ პერიოდში განაპირობა არა გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ ან შრომის ბაზრის პოზიტიურმა ცვლილებებმა, არამედ სამუშაო ძალის შემცირებამ.

დოკუმენტის თანახმად, პანდემიით გამოწვეული კრიზისი სამუშაო ადგილებზეც აისახა. 2020 წელს უმუშევრობის დონე, 2019-თან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა(პპ). მეტიც, 2021 წლის პირველ კვარტალში, კრიზისის უარყოფითი გავლენა შრომის ბაზარზე გაძლიერდა და 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონემ 3.6 პპ-თი მოიმატა.

PMCR/GEOSTAT

კვლევაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო, ძნელია ვივარაუდოთ, თუ როგორ შეიცვლება უმუშევრობის დონე უახლოეს მომავალში:

საქართველოს ბიზნესასოციაცია, პიემსი კვლევით ცენტრთან ერთად ატარებს ყოველკვარტალურ გამოკითხვას და აქვეყნებს BAG დასაქმების ბარომეტრს. აღნიშნული ბარომეტრის მიზანია, ასახოს დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში და კომპანიების (BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები) მოლოდინები დასაქმების ცვლილებებთან დაკავშირებით მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ბოლოდროინდელი BAG დასაქმების ბარომეტრის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების 23.3%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა, 10.7%-მა შეამცირა, ხოლო 66%-ს არ შეუცვლია. 

ამასთან, 2021 წლის მესამე კვარტალის მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული ცვლილებები. გამოკითხული კომპანიების 31.4% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის 2021 წლის მესამე კვარტალში, 64.7% ცვლილებას არ გეგმავს, ხოლო შემცირებას მხოლოდ 3.9% აპირებს.

"თუ გავითვალისწინებთ პოზიტიურ მოლოდინებს, 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში შრომის ბაზარზე მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს და უმუშევრობის დონე შემცირდეს. თუმცა სიტუაცია დიდწილად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე და მისი გავრცელების პრევენციისთვის შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე" – ნათქვამია კვლევაში.

საინტერესოა უმუშევრობის დონის განაწილება განათლების მიღწეული დონის მიხედვით. მაგალითად, საქართველოში, 2017-2020 წლებში, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და ის 32%-დან 38%-მდე მერყეობდა.

აღნიშნულ პერიოდში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ, 2017-დან 2020 წლამდე, მათი წილი, შესაბამისად, 6 და 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მეორე მხრივ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში (შესაბამისად, 9 და 1 პპ-თი გაიზარდა).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებლით უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 9.7% უმუშევარი იყო, ხოლო მათი 28.6% სამუშაო ძალის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 61.7% შეადგენდა, როდესაც 2017-2019 წლებში OECD ქვეყნების იგივე მაჩვენებელი 85.2% იყო.

 

კომენტარები