საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 14.7% შეადგინა.
მათივე ცნობით, 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით (0.6%) და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა (3%) და 434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით (4.7%) და 239.4 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1%-ით შემცირებულია და 47.8%-ს შეადგენს.ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1%-ით და 45.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.4%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6%-ით.
უწყების ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5%-ით არის გაზრდილი ქალებში და 11.6%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში - 0.7%-ით და 17%-ია.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე
შემცირებულია ქალებში 0.8%-ით, ხოლო კაცებში – 0.4%-ით.





