გირჩი - მეტი თავისუფლება

ჯაფარიძე: ოცნება გავიდა შეთანხმებიდან და არ მესმის, მე რატომ უნდა შევასრულო ვალდებულება

არსებობდა შეთანხმება, ამ შეთანხმებამდე იყო ღრმა კრიზისი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ შეთანხმებამ ვერ განმუხტა, ამ კრიზისის საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური იმის გამო, რომ არჩევნები გააყალბეს და გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთავარი სახე ვინც იყო, პრემიერმინისტრი, ის წავიდა და ახლა პრემიერად გვყავს ადამიანი, რომელიც არჩევნების დროს სიაშიც კი არ ყოფილა, ანუ სრული ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას. ამ პრობლემების და კრიზისის მოგვარების კუთხით ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს მოგვარების გზა, რომელსაც მათ შორის, მეც მოვაწერე ხელი და ამ შეთანხმების ჩემ მიერ შესასრულებელი ნაწილი იყო ერთადერთი, რომ მე პარლამენტში უნდა შევსულიყავი. დანარჩენი პრინციპში ყველაფერი იყო ოცნების გასაკეთებელი, გარდა ერთი-ორი პუნქტისა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩემი თითის მიჭერა შეიძლება ყოფილიყო ასევე აუცილებელი. 

ოცნება გავიდა ამ შეთანხმებიდან, შესაბამისად, მე რატომ უნდა შევასრულო ის ვალდებულება, რაც მე ავიღე, უბრალოდ, არ მესმის. შეთანხმება ხომ ეგ არის, რომ ორი მხარე რაღაცაზე თანხმდება? თუ მეორე მხარე გადის შეთანხმებიდან, მეც გავდივარ. 

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში. ცოტა ხნით ადრე ჯაფარიძემ დაწერა, რომ ის პარლამენტს ტოვებს მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა

კომენტარები