გირჩი - მეტი თავისუფლება

"ივანიშვილი სისტემას თვითონ არ შეცვლის" – 25 სექტემბერს გირჩი - მეტი თავისუფლების აქცია

25 სექტემბერს, დედაენის ბაღში გირჩი - მეტი თავისუფლების აქცია გაიმართება, რაც პარტიის ცნობით არა პარტიული, არამედ უსამართლობაზე გაბრაზებული ადამიანების შეხვედრა იქნება, რომლებიც მზად არიან დრო დაუთმონ ცვლილებებისთვის ბრძოლას.

გირჩი - მეტი თავისუფლება წერს, რომ დედაენის ბაღში შეიკრიბებიან კვირაში ერთხელ "და ვნახავთ, რამდენნი გავხდით - ჩვენი მიზანია რამდენიმე ათეულ ათას ადამიანამდე გავიზარდოთ".

"ეს შეხვედრა არის ადამიანებისთვის, ვისაც გააზრებული აქვს, რომ:

1. ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები მიიტაცა;

2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი წინსვლა ევროპის და ნატოს მიმართულებით;

3. ივანიშვილი ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის;

4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი, გაჩნდება მხოლოდ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის არჩევნებით დამარცხების შემდეგ;

5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან: ა) დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ბ) ქვეყანა იცლება;

6. შესაბამისად, ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად;

7. რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზა არის ძლიერი საპროტესტო მოძრაობის შექმნა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს დაიხიოს უკან და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები". - წერია აქციის აღწერაში.

გირჩი - მეტი თავისუფლება ასევე წერს, რომ თუ ის ხალხი, ვისაც ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა უნდა - დაორგანიზდება, ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელი გახდება.

"თუ გჯერათ, რომ ახლა პარლამენტში რაღაც კანონებს მიიღებენ, რის შედეგადაც ხელისუფლების შტოები გაიწმინდება ბიძინას მსახურებისგან და შესრულდება ევროკავშირის მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაზე, არ მოხვიდეთ. ზედგამოჭრილია თქვენზე ოლიგარქიული მმართველობა". - წერს ოპოზიციური პარტია.

კომენტარები