"გირჩი - მეტი თავისუფლება" ბადრი გრიგალაშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია აღარ ვაკეთებთ.
ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს" - დაწერა გრიგალაშვილმა
გრიგალაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია უკვე 12 წელია ერთი და იგივე ტაქტიკით ებრძვის ქართულ ოცნებას და მარცხდება. მისი აზრით კი, ამ შეცდომის აღიარება ოპოზიციურ სპექტრში არავის სურს, რადგან "ეგ რომ გააკეთონ ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ".
გრიგალაშვილი წერს, რომ ახლა პროტესტისთვის ახალი მუხტის შეძენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის შეცდომას შეუძლია და მისი აზრით, ოპოზიციურ პარტიებს ამის შესაძლებლობა თავადაც უნდა ჰქონდეთ.
"ამ წუთას ყველგან საპირისპირო ხდება. ნიშნის მოგება, შეურაცხყოფა და გაერთიანებაზე გაუთავებელი საუბარი, მაშინ, როცა იმას უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს - ჩვენ ვინ ვართ, რა გვინდა და რეალურად რით ვართ ივანიშვილზე უკეთესები" - წერია გრიგალაშვილის გამოქვეყნებულ განცხადებაში
ბადრი გრიგალაშვილი არ წერს, თუ რა გეგმები აქვს ახლო მომავალში.
მანამდე, პარტია ცოტნე კობერიძემ და ბორის ჩელე ყურუამ დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ კობერიძე, გრიგალაშვილის მსგავსად, პარტიიდან წამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ოპოზიციის შეცდომებზე ამახვლიებს ყურადღებას:
"დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება.
არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.
არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.
არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.
არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა"