ენმ

"ველაპარაკებით პარტნიორებს" – ენმ-ს პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ხატია დეკანოიძე
საქართველოს პარლამენტი

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, დარჩება, თუ დატოვებს პარლამენტს მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმება ხელისუფლებამ ანულირებულად გამოაცხადა, ამაში კი სწორედ ენმ დაადანაშაულა. 

ამის შესახებ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ენმ მზად არის, მიიღოს "ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილება", თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ გაასაჯაროვებს, რაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განცხადებებს გაავრცელებენ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, თუმცა, ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან გარემოებას, რომ დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში აქტიურად, ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. 

სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვინაიდან ამ მედიაციაში, ქართული ოცნების მიერ დადებული პირობაში რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

კომენტარები